ირაკლი სესიაშვილი: ნიკა მელიასთან ვერ ვითანამშრომლებ, მისგან არც ბოდიშს მივიღებ

„ის, რომ ნიკა მელია გამოდის და ხელების ჟესტიკულაციით ცდილობს, „კაი ბიჭის“ და “მობლატავეს” შთაბეჭდილება შექმნას, ეს ნამდვილად ვერ ასახავს სიმართლეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიასა და მისი კოლეგებისგან ბოდიშს არ მიიღებს და არც ითხოვს.

„ის, რომ მელია გამოდის და ხელების ჟესტიკულაციით ცდილობს, „კაი ბიჭის“ და მობლატავესშთაბეჭდილება შექმნას, ეს ნამდვილად ვერ ასახავს იმ სიმართლეს და კულტურას, რასაც ჩვენგან საზოგადოება ითხოვს.

დიახ, მე მასთან ვერ ვითანამშრომლებ. მეტსაც გეტყვით, მისგან არც ბოდიშს მივიღებ, პირიქით, აქეთ ვთხოვ, არ მოიხადოს ბოდიში, არც მან და არც მისმა კოლეგებმა. არ მოიხადოთ ბოდიში, რადგან ბოდიში აბსოლუტურად სხვა განზომილება, სხვა კულტურაა. ბოდიში და მადლობა არის ლოცვა და თქვენი კულტურა ძალიან შორსაა ასეთი მოქმედებებისგან“, – განაცხადა სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ფარისევლურ პოლიტიკურ მოქმედებებში დრო არ უნდა დაიხარჯოს, მაშინ, როცა მთავრობა მზადაა თანამშრომლობისთვის.
„არ ვისურვებდი, რომ ჩვენ დრო დავკარგოთ ფარისევლურ პოლიტიკურ მოქმედებებში, დრო დავკარგოთ ბოღმისა და ლანძღვის გამოხატვაში, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ არის ხელისუფლება, მთავრობა, რომელიც მზადაა თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გუშინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს რუსთაველის გამზირზე მისი დაკავების ფოტომასალა წარუდგინა და აღნიშნა, რომ მას უხეშად ექცეოდნენ და არც ერთმა პოლიციელმა ამის გამო პასუხი არ აგო.
როგორც გიორგი გახარიამ ამის პასუხად განაცხადა, მელია უხეშად არღვევდა წესრიგს და პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა. „თქვენ დღეს აქ ხართ და არ ხართ დაკავებული. თქვენ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ”, – განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები