დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა

აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ისტორია საქართველოში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღწეული შედეგები, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემების, რომლებზეც  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენელმა ევროპის აღდგენითი მართლმსაჯულების ფორუმის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლადო ჯავახიშვილმა ფორუმის მონაწილეებს განრიდება-მედიაციის პროგრამის ქართული მოდელი და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო. ფორუმს 40-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის ფარგლებში პანელური სესია დაეთმო საქართველოს წარმატებული გამოცდილების და უკანასკნელ პერიოდში მიღწეული შედეგების წარდგენას. ფორუმზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მულტიდისციპლინური მუშაობის საჭიროებას, აღდგენითი მართლმსაჯულების წარმატებით განხორციელებაში საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების პერსპექტივებს. კონფერენციას საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია მერებაშვილი და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა დაესწრნენ.

საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ახორციელებს. პროგრამის შედეგად 14-დან 21 წლამდე ასაკის 3100 ახალგაზრდა სისხლისსამართლებრივ დევნას განერიდა. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მხოლოდ 9 პროცენტმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული, რაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით წარმატებული შედეგია; საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები