სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

0

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,”ენერგო პრო -ჯორჯიაში” 18 ივნისს 21 წლის შოთა ბერიაშვილი გარდაიცვალა.
პროფკავშრების განცხადების თანახმად, უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გახდა ის, რომ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მიმდინარე სამუშაოებისას ელექტროენერგია გამორთული არ იყო.
პროფკავშირებში ამბობენ, რომ შოთა ბერიაშვილი “ენერგო პრო-ჯორჯიაში” უკვე მეექვსე თანამშრომელია, რომელიც საწარმოო შემთხვევის შედეგად 1 წლის განმავლობაში დაიღუპა.
“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, მხოლოდ წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილზე 22 ადამიანი გარდაიცვალა და 18 დაშავდა. პროფკავშირების გაერთიანება ქმედით შრომის ინსპექციას უკვე წლებია მოითხოვს”, – წერია პროფკავშირების განცხადებაში.
პროფკავშირების განცხადებას “ენერგო პრო-ჯორჯია” ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ ყველა ასეთი შემთხვევა კომპანიის თითოეული თანამშრომლის ტრაგედიაა.
“მოკვლევის მონაცემებით, ყოველ აღნიშნულ შემთხვევაში, სამუშაოთა მწარმოებლებს გავლილი ჰქონდათ შესაბამისი მომზადება და ფლობდნენ მაღალი კვალიფიკაციის ჯგუფებს. რაც შეეხება პროფკავშირების განცხადებას – ხელფასების სიმცირესა და კადრების გადინებასთან დაკავშირებით, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს”, – აცხადებს კომპანია.

კომენტარები

კომენტარი