მიხეილ ჩხენკელი: ახალი სასწავლო წლიდან ფუნდამენტური რეფორმები დაიწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე, განათლების სისტემის მთავარ მიზნებზე ისაუბრა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ზოგადი განათლების კუთხით, უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობაა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამედროვეობის შესაბამის ცოდნაზე, რაშიც მოსწავლეებს ამ მიმართულებით დანერგილი ახალი პროგრამები დაეხმარება. მათ შორის აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი „ევრიკა“, რომლის ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წამყვანი პროფესორები და მეცნიერები მოსწავლეებს დამატებით ონლაინ გაკვეთილებს ჩაუტარებენ და თავიანთი დარგების ხიბლზე მარტივი ენით მოუთხრობენ.
უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტულ ლაბორატორიასთან, რომლის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები შეძლებენ, უნიკალურ ექსპერიმენტულ ლაბორატორიას ესტუმრონ და STEM-ის მიმართულებით ცოდნა გაიღრმავონ. „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებით, სკოლებში სრულიად უსასყიდლოდ იქნება შესაძლებელი „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროგრამის „მაინქრაფტის საგანმანათლებლო ვერსიის“ დანერგვა, რომელიც ბავშვებს ფართო ასპარეზს უშლის. ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის გაქართულება და პილოტირების რეჟიმის გავლის შემდეგ, იგი ყველა სკოლაში გავრცელდება.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლიდან ფუნდამენტური რეფორმები დაიწყება. დაწყებით საფეხურზე სკოლებში დაინერგება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და მოსწავლეები ახალი, ტექნიკურად და შინაარსობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.
მინისტრის თქმით, პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, უწყვეტად აიმაღლონ კვალიფიკაცია. ზაფხულის პერიოდში მათთვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება პრაქტიკული უნარების განვითარებასა და თანამედროვე პედაგოგიურ მეთოდებზე. რაც შეეხება ინკლუზიურ განათლებას, უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმად, სპეციალურ მასწავლებლებს სექტემბრიდან მასწავლებლის სტატუსი ექნებათ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ზოგადი განათლების ეროვნულ მოდელში ფინური განათლების ელემენტების დანერგვას. ამ მიმართულებით სამინისტრო ფინელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები