კახა კახიშვილი: პენიტენციური სისტემა მცირე ზომის ციხეების მოდელზე გადადის, რაც 500 ბენეფიციარზეა გათვლილი

„პენიტენციური სისტემა მცირე ზომის ციხეების მოდელზე გადადის, რაც გაცილებით მარტივი სამართავია“, – ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახალი ციხეები არაუმეტეს 500 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.
„გადავწყვიტეთ, გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე. შემუშავდა და მზად არის პროექტი პატარა ციხეების, რადგან სამართავად უფრო ეფექტიანია. დაახლოებით, ერთი და იგივე პროექტით, ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას არაუმეტეს 500 კაციანი ციხეების“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ამასთან, მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე წლით მოხვედრილ პირს, რომ ის არ დაინტერესდეს კრიმინალური სუბკულტურით ან კრიმინალური სუბკულტურის მქონე პირებმა არ მოახდინონ მასზე გავლენა.
„ეს არის ბენეფიტები, რომელიც დაკავშირებული იქნება გათავისუფლებასთან. ამიტომ, ჩვენ მალე წარმოგიდგნეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს მივცემთ დაინტერესებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე მოაკლდებათ საპატიმრო დღეები. შემდგომში კი, გამოკლებულზე შეეხებათ ყველა ის ბენეფიტი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს – პირობით ვადამდე გათავისუფლება თუ შეწყალების ათვლა“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სიახლე ეფექტიანი ნაბიჯი იქნება და მსგავსი სახის საქმიანობაში მეტი მსჯავრდებული ჩაერთვება.
კახა კახიშვილს, მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად, საპროცედურო საკითხთა და წესების; იურიდიულ საკითხთა; თავდაცვისა და უშიშროების; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე და გეგმებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები