აშშ-ის წამყვანი ენტომოლოგი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას დადებითად აფასებს

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID/REAP-ის მოწვეული ექსპერტი გრეგ კრავჩუკი საქართველოს სტუმრობს და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო  ღონისძიებების მიმდინარეობას ეცნობა. აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ვიზიტისას სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა  და საკოორდინაციო შტაბის წევრებმა ამერიკელ ექსპერტს  შტაბის მუშაობის სპეციფიკა და მავნებლის მონიტორინგის სისტემა გააცნეს, რომლის მიხედვითაც მონაცემები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და იგეგმება წამლობა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული  იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის, გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი  არ გაზრდილა.

ამერიკის წამყვანმა ენტომოლოგმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ ამგვარი ორგანიზებული მიდგომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და შემცირდება აზიური ფაროსანას წნეხი სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.

გრეგ კრავჩუკი ადგილობრივ  ფერმერებს შეხვდება და  დამუშავებულ ფართობებს მოინახულებს.

სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით,  ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით  დამუშავებულია 200  ათასამდე ჰექტარი, ცივი  შესხურებით – 5200 ჰექტარი; ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში. სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60   ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური.

ივლისის შუა რიცხვებიდან წამლობა ჩატარდება სიმინდის საყანე ფართობებში.

გრეგ კრავჩუკი საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და USAID/ REAP-ის (Reap Georgia) მხარდაჭერით იმყოფება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა  და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი 2016 წლიდან  არის ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები