საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ, თბილისში, ძლიერი წვიმის გამო, ორასზე მეტი შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, უწყებაში წუხელ სულ 205 შეტყობინება შევიდა, საიდანაც ყველაზე მეტი ზარი გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან დაფიქსირდა. აღნიშნულ რაიონებში ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზებზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი. ასევე, ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში წვიმის შედეგად დატბორილი საცხოვრებელი სახლები მეხანძრე-მაშველებმა ამოტუმბეს. გარდა ამისა, ისინი სარდაფიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ჩანტლაძისა და შერვაშიძის ქუჩებზე, რამდენიმე საცხოვრებელ სახლშიც აწარმოებდნენ. მეხანძრე- მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აწარმოეს ასევე წინამძღვრიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობდა ქვლივიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში. მაშველებმა კორპუსის სარდაფში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აწარმოეს ვარკეთილის მასივშიც.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი. მეხანძრე-მაშველების დახმარებით მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა. ადგილზე მობილიზებული იყო 1 სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები