ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამონაბოლქვის მავნე ნივთიერებათა ევროპული ნორმები დადგინდება

0

მსხვილ სამრეწველო ობიექტებს გაფრქვევის თანამედროვე ევროპული ნორმები დაუდგინდებათ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის კი დადგინდება გაფრქვევის ევროპული ნორმები, – ამის შესახებ აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს წარუდგინა.
ამასთან, სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ გაგრძელდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლა, რომელიც ეფუძნება წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებს.
„კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების რისკების შემცირების მიზნით, გაფართოვდება ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი, გაძლიერდება მოდელირების შესაძლებლობები და დაინერგება ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემა. გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, ასევე, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის სისტემები.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის დადგინდება გაფრქვევის ევროპული ნორმები, გაუმჯობესდება თხევადი საწვავის ხარისხობრივი ნორმები, მსხვილ სამრეწველო ობიექტებს დაუდგინდებათ გაფრქვევის თანამედროვე ევროპული ნორმები. გაგრძელდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლა, რომელიც ეფუძნება წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებს. გაუმჯობესდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ხარისხი, შეიქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისა და გარემოს დაცვას რადიაციის შესაძლო მავნე ზეგავლენისგან“, – აღნიშნულია პროგრამაში.

კომენტარები

კომენტარი