თბილისში გაგრის დღე აღინიშნა
საზოგადოებრივი კავშირის, “გაგრას” ორგანიზებით, თბილისში, რიყის პარკში, აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ, გაგრის დღე აღნიშნა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, საზოგადოება “გაგრას” თავმჯდომარემ, ამირან (ივანე) დოლიძემ განაცხადა, რიყეზე გაგრიდან დევნილი მოსახლეობა შეიკრიბა. მათ ერთად გაიხსენეს გაგრა, ერთმანეთს გააცნეს შვილები და შვილიშვილები, რათა მომავალ თაობებს შორის არ მოხდეს ერთმანეთთან გაუცხოება.
“დიდ მადლობას გადავუხდი ყველა ორგანიზაციას და რა თქმა უნდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, პირადად, სამსახურის დირექტორს, გენერალ ვლადიმერ იმნაძესამ ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე, ან თუნდაც 102-ე წლისთავს, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გაგრაში”,- განცხადა ამირან დოლიძემ.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გაიმართა კონცერტი, გაგრიდან დევნილი მოსახლეობის შვილების და შვილიშვილების მონაწილეობით.
ღონისძიებას გაგრიდან დევნილების გარდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.