თბილისის მერი ღოღობერიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

0

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
„როდესაც ამ ქუჩაზე წინასაარჩევნოდ ვიყავი, მოსახლეობა ძალიან შეწუხებული იყო, რადგან გზა არ ჰქონდათ და დაყრილი იყო მიმდებარე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი საშენი მასალა. მათ დავპირდი, რომ საგზაო ინფრასტრუქტურას აუცილებლად მოვაწყობდით. ამ პროექტის განხორციელება 400 000 ლარზე მეტი ჯდება. დაახლოებით ორ თვეში, გზა მთლიანად განახლებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნაძალადევის რაიონის გამგებლის განცხადებით, ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა განიტვირთება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს.
„ეს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ბორდიური გამოიცვლება, ტროტუარი მოეწყობა. დაახლოებით 5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. ზოგადად, რაიონის მასშტაბით, გვაქვს პრობლემური მისამართები, რასაც ეტაპობრივად მივყვებით და გზებს რეაბილიტაციას პრიორიტეტების მიხედვით ვუტარებთ. მსგავსი ტიპის საგზაო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა და ნაძალადევში პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი