ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ გრძელდება

0

ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ გრძელდება. რუხის სავაჭრო ცენტრი გუშინ Bavaria-ს ლუდის ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალის მონაწილეებს მრავალფეროვანი სანახაობა და სიურპრიზები დახვდათ. სხვადასხვა პრიზებთან ერთად, ბავარიის სამშობლოში, ამსტერდამში მოგზაურობის სრული პაკეტი გათამაშდა. ღონისძიების ფარგლებში, ჯგუფ „ვაკის პარკის“ კონცერტი გაიმართა.
რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი, ფესტივალის – „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს მართავს. ერთთვიანი ფესტივალი 15 ივლისამდე გასტანს. ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.
„რუხის სავაჭრო ცენტრში, ერთი თვის განმავლობაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს დაისვენოს, გაერთოს და მისთვის საინტერესო აქტივობებში ჩაერთოს. თქვენ გელოდებათ პოპულარული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები. ველოდებით, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ტურისტებს და ფესტივალზე დასწრების მსურველებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. იმედი მაქვს, ეს მრავალფეროვანი ფესტივალი რეგიონში ზაფხულის მთავარი მოვლენა იქნება. ფეხბურთის გულშემატკივრებს კი ექნებათ შესაძლებლობა, მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ადევნონ თვალი და უგულშემატკივრონ დიდ ფეხბურთს დიდ ეკრანზე“, – განაცხადა რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორმა, დავით მაჭავარიანმა.
სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.
რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთ-ერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს. იხილეთ ვრცლად ინფორმაცია რუხის სავაჭრო ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: რუხის სავაჭრო ცენტრი / rukhi trading centre

კომენტარები

კომენტარი