ENPARD -მა და საქართველოს მთავრობამ ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყეს

0

ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ, სოფლის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში, ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ ერთობლივი განცხადება ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჯანელიძემ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, ქრისტიან დანიელსონმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გააკეთეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში – იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი – ნილ სკოტი ესწრებოდნენ.

„ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები კარს უხსნის საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზრისკენ. სოფლის განვითარების შედეგად, საქართველოს მოსახლეობა უკეთ შეძლებს ამ პოტენციალის გამოყენებას“, – განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ქრისტიან დანიელსონმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძის თქმით, ევროკავშირის დახმარება უპრეცედენტოდ დიდია და ის თითქმის 500 მილიონ ლარს შეადგენს.

„ევროკავშირის მხარდაჭერა მართლაც უპრეცედენტოა. უკვე განხორციელდა ორი ფაზა და მესამე ფაზაზე გადავედით. მესამე ეტაპის მთავარი აქცენტი არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა, არამედ მოიცავს არასასოფლო–სამურნეო აქტივობებსაც, მაგალითად როგორიც არის ტურიზმის განვითარება. ჯამში, სამივე ფაზა ევროკავშირის დახმარებისა არის უპრეცედენტოდ დიდი და ის თითქმის 500 მილიონი ლარია“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

22 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები სოფლის მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პროექტის – „FAO-ს ხელშეწყობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ ENPARD-3-ის ფარგლებში” ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი უშუალო დახმარებას სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და ფერმერებს გაუწევს და ხელს შეუწყობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში.

პროექტის – „ENPARD-3: სოფლის განვითარების გაუმჯობესება“ ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა. მისი მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების მხარდაჭერა სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებში. ორივე პროექტი სრულადაა დაფინანსებული ევროკავშირის მიერ და 5 წლის მანძილზე გაგრძელდება. პროექტები განხორციელდება ENPARD პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სოფლის განვითარებას, სიღარიბის შემცირებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი