“თი ბი სი” კაპიტალმა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის კვლევა ჩაატარა

0

“თი ბი სი” კაპიტალმა კვლევის – „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში” შედეგების პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები.

“თი ბი სი” კაპიტალის კვლევის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი სწრაფად ვითარდება. კორპორაციულმა ბაზარმა განვითარება 2014 წელს დაიწყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ კომერციულ ბანკებს ნება დართო, გირაოს სახით ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციები წარედგინათ. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, 2017 წლის ბოლოს საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამურმა რაოდენობამ 232 მილიონ ლარი შეადგინა – მშპ-ს მხოლოდ 0,6%-ი, რაც შესადარის ქვეყნებთან მიმართებაში დაბალი მაჩვენებელია.

“თი ბი სი” ბანკის ინფორმაციით, ანგარიშში ასევე, მიმოხილულია კორპორაციული ბაზრის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის, საგადასახადო შეღავათები საჯაროდ განთავსებულ ობლიგაციებზე, კომპანიების გამჭვირვალობის ზრდა საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნით და ობლიგაციები ბაზრისთვის ხელშემწყობი საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემო.

კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საპენსიო რეფორმას, რომლის შედეგადაც, “თი ბი სი” კაპიტალის კვლევის გუნდი ვარაუდობს, რომ გრძელვადიანი ლარის რესურსი გაჩნდება და მოხდება ფონდის დაახლოებით 4%-ის განთავსება ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში. “თი ბი სი” კაპიტალის კვლევის გუნდის განცხადებით, შესაძლებელია, საშუალოვადიან პერსპექტივაში, საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს.

„საქართველოს ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციები შედარებით ახალი პროდუქტია. ობლიგაციების პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა ცალსახად მეტყველებს ბაზრის გააქტიურებაზე. საქარველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი განვითარების სტადიაშია და ვთვლით, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია მიმართავს დაფინანსების ამ გზას და გადაწყვეტს, მოახდინოს დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება. კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდისთვის ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი უკვე არსებობს. აღსანიშნავია საპენსიო რეფორმაც, რომელიც ეკონომიკაში გრძელვადიანი ლარის რესურსს გააჩენს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბაზრის დინამიკურ განვითარებაში”, – განაცხადა “თი ბი სი” კაპიტალის დირექტორმა, ირაკლი ელაშვილმა.

“თი ბი სი” კაპიტალმა კვლევის შედეგები დამსწრე აუდიტორიას ბიზნესფორუმზე წარუდგინა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე კორპორაციული საკრედიტო რეიტინგების შესახებ მოხსენებით წარდგა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-იც.

ფორუმის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომლებშიც ჩართული იყვნენ “თი ბი სი” კაპიტალის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საფონდო ბირჟის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის, სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-ის, იურიდიული ფირმა BLC Law Office-ისა და სს სილქნეტის წარმომადგენლები.

“თი ბი სი” კაპიტალის სრული ანგარიში – „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში” გამოქვეყნდება ბმულზე: www.tbcresearch.ge

“თი ბი სი” კაპიტალი “თი ბი სი” ბანკის შვილობილი ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა და 2017 წლიდან “თი ბი სი” ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილია. “თი ბი სი” კაპიტალის ძირითად საქმიანობას კორპორაციული ფინანსური და საკრედიტო სარეიტინგო, საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევითი მომსახურება, ასევე, სასესხო კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების ემისია წარმოადგენს. ამავდროულად, “თი ბი სი” კაპიტალი საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და აქტიურ როლს ასრულებს ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

 

კომენტარები

კომენტარი