მინსკში, სამუშაო ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ხელმძღვანელობით, ბელარუსის რესპუბლიკაში, ქალაქ მინსკში სამუშაო ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილესთან, იგორ ბრილოსთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სელექციის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის კოოპერაციულ კავშირში გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც  აჭარის ა/რ მინისტრი ავთანდილ მესხიძეც ესწრებოდა, საქართველოდან ბელარუსის რესპუბლიკაში ციტრუსისა და ხილის ექსპორტის გაზრდის და უფრო მოქნილი მექანიზმის ამოქმედების საკითხზეც იმსჯელეს.

შეხვედრა ბელარუსის სახელმწიფო აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთანაც გაიმართა, სადაც ქართველი სპეციალისტების, ვეტერინარებისა და ზოოტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, სადაც  კვლევით სამუშაოები სხვადასხვა ხილის, ჟოლოს, ლურჯი მოცვის, ანწლის, ახალი სახის კენკროვნების შექმნისა და პრაქტიკული გამოყენების მიზნით ხორციელდება. ცენტრში არსებულ ინვიტრო ლაბორატორიაში  უვირუსო ნერგები გამოყავთ. მხარეებმა აღნიშნულ ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში,  ქართულ კომპანიას “კავკაზ-გენეტიკა“ და ბელარუსულ კომპანიას Белплемживобъинение შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების  ფარგლებში, საქართველოში ერთობლივად განხორციელდება პირუტყვის ხელოვნურად განაყოფიერების პროცედურები, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი პირუტყვის ჯიშობრივ გაუმჯობესებას და, შედეგად,  მეცხოველეობის დარგის პროდუქტიულობის  გაზრდას.

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შპს “საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები, ბელარუს კოლეგებთან ერთად, სადრენაჟო სამუშაოების ტექნიკის საველე პირობებში მუშაობის პროცესს  გაეცნენ. ასევე, განხილეს საქართველოს გრუნტს და რელიეფს მორგებული სამელიორაციო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობები.

კომპანიის Гомселъмаш წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა კარტოფილის ამღები მოდერნიზებული კომბაინის (საქართველოს გრუნტზე ადაპტირებული) ექსპერიმენტული ნიმუშის დამზადებისა და ქართველი სპეციალისტების თანამონაწილეობით საცდელი-საველე სამუშაოების ჩატარების საკითხებზე იმსჯელეს.

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები საერთაშორისო გამოფენის Белагро-2018-ის გახსნას დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მათ შორის,  ტრაქტორები, კომბაინები, ბალახის საწნეხი აგრეგატები მსხვილფეხა პირუტყვისათვის საკვების (სენაჟის) დასამზადებლად, ასევე, სასათბურე კონსტრუქციები და მრავალფეროვანი სასურსათო პროდუქცია (რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები, პურ-ფუნთუშეული).

კომენტარები

კომენტარი