გერმანიაში, სავარაუდოდ ქართველი, 41 წლის მამაკაცი სადეპორტო განყოფილების საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს

0

41 წლის მამაკაცი სადეპორტო განყოფილების საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ქართველია – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ქართველმა ემიგრანტებმა გაავრცელეს.

შემთხვევა გერმანიაში, ქალაქ ბუირენში მოხდა, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე. ეს ის რეგიონია, რომლის ლტოლვილთა მინისტრიც ცოტა ხნის წინ, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაწყვეტას ითხოვდა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გერმანული მხარე ამბის მიჩქმალვას აპირებდა, თუმცა, თემა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაახმაურა, რომელიც ლტოლვილად ჩაბარებულების უფლებებს იცავს, რამაც დიდი სკანდალი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის, ‘’მწვანეებმა’’, ადმინისტრაცია სასტიკად გააკრიტიკეს, ვითარების დეტალური შესწავლა და განყოფილების დახურვა მოითხოვეს.
როგორც ირკვევა, ქართველი მამაკაცი, ძალიან მძიმედ იყო ფსიქიკურად დაავადებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი საკანში ყოფნა გახდა სუიციდის მიზეზი. ის საპატიმროში კი არა, კლინიკაში, გაძლიერებული დაკვრივებისა და მკურნალობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. თან არსებობდა ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც, ამ კაცის მგზავრობა/დეპორტაცია საქართველოში სასიკვდილოდ სარისკო იყო.

გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია საქმის გამოძიებას უდგას სათავეში და დეტალების დადგენა ხდება. მანამდე კი, ამ არასამთავრობომ სამგლოვიარო/ საპროტესტო აქცია სახელწოდებით ‘’რასიზმი კლავს” გამართა.
„კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი