ბრიტანელი ფოტოგრაფი მარტინ პარი თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის

11-16 ივნისს თბილისს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი, Magnum Photos-ს სრულუფლებიანი წევრი მარტინ პარი სტუმრობს. 1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი და პრესტიჟული სააგენტო „მაგნუმის” წევრი საქართველოში თბილისის მერიის მოწვევით ჩამოვიდა. ფოტოები, რომელსაც ის გადაიღებს თბილისში, Magnum Photos სხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე “თი-ბი-სის” მხარდაჭერით საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში გამოიფინება. ასევე გაიმართება წიგნის „თბილისი მარტინ პარის მიერ/City Book Tbilisi by Martin Parr” პრეზენტაცია, რომელიც ფოტოგრაფის თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნება და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან Prestel Publishing-თან თანამშრომლობით მიუნჰენში გამოიცემა. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიას მაგნუმ ფოტო, საჩუქრად გადმოსცემს მთლიან ექსპოზიციას, რომლის ნახვაც ნებისმიერ დამთვალიერებელს შეეძლება უკვე თბილისში.

მარტინ პარიმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ინოვაციური სახეების და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე დიდ ბრიტანეთში და მის გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის. მის ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტემ და ფერმა იგი 80-იანი წლების ყველაზე უფრო წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოახვედრა, რის შედეგად ის პრესტიჟული სააგენტო მაგნუმის მთავარი წევრი გახდა.

“ქალაქების შესწავლილსას ის ათვალიერებს, ეცნობა ეროვნულ მახასიათებლებსა და საერთაშორისო ფენომენებს, რათა გამოარკვიოს, რამდენად გამოადგება ეს ყველაფერი მომავალ თაობებს ჩვენი კულტურული თავისებურებების გასაგებად. პარი ჩვენთვის კარგად ნაცნობს საგნებს, სრულიად სხვა თვალით გვანახებს და სწორედ ამიტომ, ის იქნა თბილისში მოწვეული, რომ ევროპას დავანახოთ სხვა, ავთენტური, ძველის და ახლის სინთეზით შერწყმული თბილისი.

თემები, რომლებსაც პარი ირჩევს და ის, თუ როგორ განუმეორებლად ექცევა მათ, გამოარჩევს მას სხვა ფოტოგრაფებისაგან იმ ნიშნით, რომ მისი შემოქმედება განგრძობით სერიებს მოიცავს. მისი უჩვეულო სტრატეგიის ნაწილია ერთისა და იმავე ფოტოების გამოქვეყნება სხვადასხვა კონტექსტში, გამოფენებზე, ხელოვნების წიგნებში. ამ მიდგომის, მისი სტილისა და თემების არჩევანის წყალობით, ის უკვე დიდი ხანია მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდა ფოტოგრაფებისათვის”,- აცხადებენ “თი-ბი-სიში”.

Magnum Photos ფოტოგრაფული კოოპერატივია, რომელიც თავად წევრ-ფოტოგრაფებს ეკუთვნის. ძლიერი ინდივიდუალური ხედვით, Magnum Photos-ს ფოტოგრაფები აღწერენ მსოფლიოს და განმარტავენ მსოფლიო ხალხებს, მოვლენებს, პიროვნებებსა და პრობლემებს. ოთხი სარედაქციო ოფისით ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში და 15 ქვე-სააგენტოს ქსელით, „მაგნუმ ფოტო” ფოტოებით ამარაგებს პრესას, გამომცემლებს, სარეკლამო სფეროს, ტელევიზიას, გალერეებსა და მუზუემებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  მაგნუმის ფოტო ბიბლიოთეკა ცოცხალი არქივია, რომელიც ყოველდღიურად ახლდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიწოდებული ნამუშევრებით. ბიბლიოთეკაში ინახება მაგნუმის ფოტოგრაფების ყველა ნამუშევარი და რამდენიმე არაწევრი ფოტოგრაფის სპეციალური კოლექციები. დაახლოებით ერთი მილიონი ფოტო ინახება ფიზიკურ ბიბლიოთეკაში და 350 000 – ონლაინ. ყველა მნიშვნელოვანი მსოფლიო მოვლენის ამსახველი კადრები ესპანეთის სამოქალაქო ომიდან დღემდე ბიბლიოთეკაში ინახება. მაგნუმის ბიბლიოთეკა ასახავს ცხოვრების ყველა ასპექტს მსოფლიოს მასშტაბით, და დოკუმენტური ფოტოგრაფების საუკეთესო კოლექტივის ხედვის საოცარ შეგრძნებას, წარმოსახვასა და ბრწყინვალებას.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მიერ. მხარდამჭერები არიან: არიან „თი-ბი-სი”, Magnum Photos, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, საქართცველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და საქართველოს ავიახაზები.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები