თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში ფესტივალი – „შეთავაზება“ და „პარალელური კლასის“ გამოფენა – „Geoმეტრია“ გაიმართება (ვიდეო)

16 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში სასკოლო ფესტივალი „შეთავაზება“ გაიმართება. პროექტში ჩართულია 5 საჯარო სკოლის (99-ე, 106-ე, 85-ე, 97-ე და 81-ე) 300 მოსწავლე. ამავე დღეს, 99-ე საჯარო სკოლაში გაიხსნება საგანმანათლებლო პროექტ „პარალელური კლასის“ გამოფენა – „Geoმეტრია“.
როგორც „კვირას“ 99-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა და ფესტივალის ორგანიზატორმა ჯუბა ფეიქრიშვილმა განუცხადა, ფესტივალ „S.U.99.E.S.T.“-ის მიზანია, დაგმოს ძალადობა ახალგაზრდებს შორის, მოუწოდებს მათ გაერთიანებისკენ. განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა – ბულინგის პრევენცია, ჯანსაღი კომუნიკაცია, პოზიტიური ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის, ზოგადი განათლება, ეკოლოგია, სპორტული აქტივობა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარება და პოპულარიზაცია, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და თვითგანვითარების ხელშეწყობა, შშმ პირების გარემოსთან და სკოლის სივრცესთან ადაპტირება, მოსწავლეებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: პლენერზე ხატვა, გრაფიკული და ფერწერული ნახატების, გამოყენებით-დეკორაციული ხელოვნების, ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა, სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები: ხელბურთი, ტანვარჯიში, ფეხბურთი, მხიარული სტარტები, მოკლე მანძილში სირბილი, ჭადრაკის ჩემპიონატი. სხვადასხვა სახის ცეკვა: ჰიპ-ჰოპი, ქართული-ხალხური, სამეჯლისო…. მუსიკალური ნომრები: ხალხური გუნდი, საესტრადო, პოპმუსიკა, ცოცხალი ბენდები. მხატვრული კითხვა, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი თამაშები.

ამავე დღეს,  14:45 საათზე, 99-ე საჯარო სკოლის მეოთხე სართულზე „პარალელური კლასი“ წარმოადგენს ნამუშევარ „გეომეტრიას“.
„პარალელური კლასი“ 2017 წლის ოქტომბერში შეიქმნა. 8 თვის განმავლობაში ახალგაზრდების პროფესიული ჯგუფი, ხელოვანების, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, საბაზო და საშუალო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებთან ერთად, მუშაობდა სასკოლო განათლების განვითარების თემაზე.
„პარალელური კლასის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ჯუბა ფეიქრიშვილის თქმით, კლასის თხუთმეტი წევრიდან რვამ სრულად გაიარა რვათვიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის იდეური და ფუნქციური მხარე ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ვითარდებოდა და კონკრეტულ ფორმულამდე, მაგალითამდე მიაღწია. სასწავლო წლის დასასრულს პარალელურმა კლასმა შექმნა ახალი შესაძლებლობების საკლასო ოთახი.
16 ივნისს გამოისახება 8 – თვიანი მუშაობის შედეგი, სახელმწიფო სასკოლო განათლების სისტემასთან შექმნილი პარალელური განათლების ნიმუში.
პროექტში მონაწილეობდნენ: ზურა ცოფურაშვილი, ჯუბა ფეიქრიშვილი, არიალი ქრის ასიათასი, სანდრო სულაბერიძე, რუსკა ბადრიაშვილი,  ნინი ღვინაშვილი, ლაშა კაპანაძე, კოკა ესაიაშვილი, ზურა კახიძე,  რამზი ბაბლუანი, ნინუცა შატბერაშვილი, ნანუკა კალანდაძე, მაგდა პაპუაშვილი, მირანდა სურმანიძე, ნინა ჭელიძე, ლექსო სოსელია, ნატა მელიქიშვილი, გოჩა ჟღენტი, ნიაზ გაგოშიძე, ნატა ქაჯაია.
პროექტის მესვეურნი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან:  99-ე საჯარო სკოლას, თანამედროვე ხელოვნების ცენტრს: CCA – Center of Contemporary Art – Tbilisi,  Propaganda.network -ს Propaganda. network.
გამოფენა გაგრძელდება 16 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით.
გამოფენა გაიხსნება: 16 ივნისს, 14:45-დან 22:00-მდე. დანარჩენ დღეებში გამოფენის ნახვა შესაძლებელია: 09:00-დან 18:00-მდე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები