საავადმყოფოდან გათავისუფლებული ექიმის სამართლებრივი ბრძოლა ჯანდაცვის კომისიის დასკვნაზეა დამოკიდებული

ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი, რომელიც ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაათავისუფლეს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებას ელოდება.
იმ შემთხვევაში, თუ ექიმი საავადმყოფოს ადმინისტრაციის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომაც გაწირა, მაშინ იგი სასამართლოს მიმართავს.
როგორც მურთაზ მამაგეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მას ჯანდაცვის სამინისტრომ პროფესიული საქმიანობა აუკრძალა, სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს.
თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სპეციალური კომისიის წევრები მას ამ დრომდე არ დაკონტაქტებიან.
„წელს, სექტემბერში გახდება 45 წელი, რაც ექიმი ვარ და ჩემი პროფესიისთვის არასდროს მიღალატია. მე ახლა ისეთი პრობლემა მაქვს, რომ მეორე პლანზეა ეგ საკითხი ჩემთვის. ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ჯერჯერობით ვაპირებ ჩემს შვილთან წავიდე, საფრანგეთშია და ქიმიას იტარებს, გვერდით უნდა დავუდგე. მე მივიღებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო. თუ სამინისტრომ ამ ქალბატონის და მისი მხარდამჭერების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მე საექიმო საქმიანობა ამიკრძალეს, მაშინ დავიწყებ სამართლებრივ ბრძოლას. ამ ეტაპზე ჩემი დახვრეტა ჯერ არ მოუთხოვიათ. თუ ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და მე მუშაობა ამიკრძალეს, მაშინ ყველას ვთხოვ დახმარებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი იმიჯის საკითხია, მეგობრები და ახლობლები მყავს. ვისაც უნდა ადვილად დაიჯერებს, რომ რადგან ნაციონალი იყო ის პაციენტი… როგორ, მე არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ, ექიმი ვარ“ – განაცხადა მურთაზ მამაგეიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, უკვე დაუკავშირდნენ სხვადასხვა კლინიკის ადმინისტრაციიდან და თანამშრომლობა შესთავაზეს.
თუმცა, მურთაზ მამაგეიშვილი ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნას ელოდება.
ცნობისათვის, ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი გ.ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციამ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.
ამის მიზეზი კი, პაციენტ ნინო კვიტაიშვილის პრეტენზია იყო, რომელიც 11 ივნისს ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მიმღებ განყოფილებაში მოხდა.
ნინო კვიტაიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, 11 ივნისს, აქციაზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, აქციაზე პოლიციამ ძალას გადაამეტა და დაზიანებები მიიღო. სწორედ ამის გამო, ნინო კვიტაიშვილმა კლინიკას მიმართა.
თუმცა, პაციენტმა უკმაყოფილობა გამოთქვა არასათანადო მკურნალობის გამო და ექიმი, პოლიტიკური შეხედულებების გამო, დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
კვიტაიშვილის თქმით, ექიმმა მკურნალობაზე უარი მას შემდეგ უთხრა, რაც გაიგო, რომ მან სხეულზე დაზიანებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მიიღო და რომ ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.
მისივე განცხადებით, მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს, თუმცა, ტრავმატოლოგს აღარ გაუსინჯავს.
თუმცა, ექიმმა მურთაზ მამაგეიშვილმა პაციენტი გასინჯა, ამის შემდეგ კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევებიც ჩაუტარეს და პაციენტის სხეულზე მძიმე ტრავმები არ აღმოჩნდა.
ექიმმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მას პაციენტი ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობის უფრო დამძიმებას სთხოვდა, რასაც ექიმი არ დასთანხმდა.
თუმცა, ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა პაციენტის ისტორიაში ის არსებული რეალური დაზიანება ჩაწერა, რაც პაციენტს აღენიშნებოდა.
ამ ინციდენტის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის წევრები გუშინ ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სპეციალურ კომისიის წევრებს, ექიმ მურთაზ მამაგეიშვილისთვის მომხდარი ინციდენტის გამო, ამ დრომდე შეკითხვები არ დაუსვავთ.

როგორც „კვირას“ სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, კომისია სწავლობს მომხდარ ინციდენტს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კომისიის წევრები ექიმ მურთაზ მამაგეიშვილს არ გასაუბრებიან.
უფრო მეტიც, ნინო ხუციშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საკითხის შესწავლისას თუ საჭიროდ მიიჩნევენ, მურთაზ მამაგეიშვილსაც გაესაუბრებიან.
„კომისია სწავლობს ამ საკითხს. ამჟამად კომისიის წევრები კლინიკაში იმყოფებიან. თუმცა, ამ დროისათვის ექიმთან კითხვები არ გვაქვს. თუ საჭიროდ მივიჩნევთ, ექიმ მურთაზ მამაგეიშვილსაც გავესაუბრებით, თუ არ ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ მასთან კითხვები არ გვექნება. ამასთან, თუ იქნება საფუძველი, რომ ჩვენ დავაყენოთ ამ ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, რასაკვირველია, ეს საკითხი საბჭოს გადაეცემა და საბჭო განიხილავს, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ხდება წერილობითი გაფრთხილება, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება ერთიდან 6 თვის ვადით და სერტიფიკატის გაუქმება, ამ სამი ტიპის ღონისძიებას მოიაზრებს კანონმდებლობა,“ – განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები