დიმიტრი ცქიტიშვილი: „რეზოლუციას მხარს უჭერს, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც დღეს წარმართავენ ევროპულ პოლიტიკას“

 სტრასბურგში, ევროპარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დასრულდა შეხვედრა სადაც ევროპარლამენტარები 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობდნენ.

„დასრულდა სამუშაო შეხვედრა, სადაც პოლიტიკური ჯგუფები საბოლოოდ შეათანხმებენ. რეზოლუციის ტექსტი იქნება მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის ყველა ის ქმედება, რომელიც საქართველოში არის განხორციელებული როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე, ზოგადად და მისი უკანონო ანექსიის მცდელობები.

ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ზრუნვის და შეშფოთების საგანი იყო მოხვედრილია ამ ტექსტში, მათ შორის  ხაზგასმით არის აღნიშნული ოთხოზორია-ბაშარულის საქმე, ასევე არის მოწოდება რომ გაიზიარონ ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა ის სია, რომელიც ჩამოყალიბდა. რეზოლუციის ტექსტში ნახსენები  საქართველოს პარლამენტის ერთობლივი, მრავალპარტიული რეზოლუცია. ნახსენებია კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ასევე დაუსჯელობის სინდრომი, გამოუძიებელი საქმეები, გადაადგილების შეზღუდვა. ყველა ის საკითხი, რომელიც აქამდე ისმებოდა ამ ტექსტში იქნება მოხვედრილი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი შეფასებით ევროპის ყველაზე მაღალ დემოკრატიულ ინსტიტუციაში, რეზოლუციას ევროპარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს და ამიტომაც ამ დოკუმენტს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

„პოლიტიკურად ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს არის მრავალპარტიული მხარდაჭერა. რეზოლუციას მხარს უჭერს, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც დღეს წარმართავენ ევროპულ პოლიტიკას. ეს არის სოციალისტები და დემოკრატები, სახალხო პარტია, კონსერვატორები, ლიბერალები, მწვანეების პარტიები. არ ვიცი რადიკალური ფრთის პოზიციები როგორი იქნება, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს სულისკვეთებას, ეს სულისკვეთებაა საქართველოს მხარდაჭერის და რუსეთის აგრესიული ქმედებების კრიტიკის ევროკავშირში, ევროპის ყველაზე მაღალ დემოკრატიულ ინსტიტუციაში და ამიტომაც განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები