ირაკლი ქარსელაძე: წითელი ხიდიდან სარფამდე 7-8 საათიანი მონაკვეთის დაფარვა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე. დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს-ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარია რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის, ასევე ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბისა და საავტომობილო გზის მშენებლობაზე.
ქარსელაძის ინფორმაციით, შესაბამისი სამშენებლო ტენდერების გამოცხადება ივნისში იგეგმება. პროექტებზე 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. მშენებლობის 2019 წლის იანვრიდან დაწყება და 2021-2022 წლებში დასრულდება.
„რიკოთის მონაკვეთი იქნება გარღვევა აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განვითარებაში. საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმას, რომ შემცირდება კორიდორის მთლიანი სიგრძე და გადაადგილების დრო. თუ დღეს 7-8 საათია საჭირო წითელი ხიდიდან სარფამდე მონაკვეთის დასაფარად, ეს 4-4.5 საათამდე შემცირდება. ასევე, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარე – რიგ მონაკვეთებში, ფაქტობრივად, გაორმაგდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული გადაადგილება იქნება თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მონაკვეთს, 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება, რომლითაც გადაადგილება სტეფანწმინდის მიმართულებით ნებისმიერ ამინდში იქნება შესაძლებელი.
„აღნიშნული იქნება უმნიშვნელოვანესი წერტილი ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულების განვითარებისთვის“, – განაცხადა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები