ზაზა სარალიძე: გენინსპექცია თავადაც მოწადინებულია, რომ სასადილოში მომხდარი ინციდენტი გამოიძიოს

“მოლოდინი ყოველთვის მაქვს და აუცილებლად გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომ შსს-ს გენინსპექციის თანამშრომლებმა რეაგირება მოახდინონ ამ თემასთან დაკავშირებით და მისცენ აუცილებლად სამართლებრივი ფორმა. ამაზე მზაობას გამოხატავენ”, – ასე შეაფასა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტი. როგორც მან აღნიშნა, თავად გენინსპექციის თანამშრომლებიც მონდომებულები არიან, რომ აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ.
მისივე ინფორმაციით, გამომძიებლების კითხვები, ძირითადად, სასადილოში მომხდარ ინციდენტსა და იქ მყოფ პირებს ეხებოდა.
“მე პირადად ვერ დავინახე ვერაფერი ამის საწინააღმდეგო. პირიქით, ძალიან მონდომებულები არიან თვითონაც და მივესალმები ამ ნაბიჯებს. ცოტა პროცედურული ყოფილა ყველაფერი. უნდა დაიბარონ ყველა, გამოკითხვები იქნება და დაველოდოთ შედეგებს.
აბსოლუტურად ყველაფერი მოვუყევი, რა მოხდა – როგორ ჩავედით, მე როდის ჩავედი, ზვიადი როდის გამოვიდა სასამართლო დარბაზიდან და როდის ჩავიდა და მეთვალყურეობის გარეშე რომ დარჩათ პოლიციელებს. ეს გამორჩათ თუ რა მიზანი ჰქონდათ პოლიციელებს, ვერ გეტყვით. მერე უცებ რატომ მოუარათ, რომ თითქოსდა მოსამართლემ გასცა ეს ბრძანება ზვიადის აყვანის. არანაირი მოსამართლის ბრძანება არ ყოფილა. უცებ მოუარათ, თუ ვინმემ ბრძანება მისცათ, რომ რატომ დადის ზვიად კუპრავა თავისუფალი, ვერ გეტყვით”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა პოლიციამ გუშინ, სასადილოდან, სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები