ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ვიდეოდაკვირვების სისტემა დამონტაჟდა (ფოტო)

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხალხმრავალ ტერიტორიაზე ვიდეოდაკვირვების სისტემა დამონტაჟდა. ამის პარალელურად, ბაღის ტერიტორიის აერო-ფოტოდაკვირვება დრონის მეშვეობითაც მიმდინარეობს.
როგორც ბოტანიკურ ბაღში აცხადებენ, მცენარეების, საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების დაზიანების შემთხვევები კვლავ ფიქსირდება.
“მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, სამწუხაროდ, კვლავ ფიქსირდება მცენარეების, საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების დაზიანების შემთხვევები. ასევე, ბაღის ტერიტორიაზე ადგილი აქვს არაეთიკურ და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქცევას, რაც საჯარო სივრცეში დაუშვებელი და მიუღებელია. თითოეულ მსგავს შემთხვევაზე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.”- აღნიშნავენ ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.
ისინი, ასევე, მოუწოდებენ სტუმრებს, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების წესები.
“გვსურს, შევახსენოთ ბოტანიკური ბაღის სტუმრებს, რომ ბაღში სეირნობს უამრავი უცხოელი დამთვალიერებელი, დასასვენებლად მოდიან ოჯახები, ბავშვები და სტუდენტები. ჩვენთან ერთად მუშაობენ კოლეგები სხვადასხვა ბოტანიკური დაწესებულებიდან. მათ აქვთ უფლება, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე იმოძრაონ ბაღის ტერიტორიაზე და ჰქონდეთ კომფორტული დასვენებისა და მუშაობის პირობები.”- განმარტავენ ბოტანიკურ ბაღში.
მათივე განცხადებით, სტუმრების მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც, წესრიგდება გზები და ბილიკები, ეწყობა დეკორატიული უბნები, უმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, თუმცა, კვლავ რჩება არაერთი პრობლემა, რომელთა გადაჭრაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები