მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი პროგრამა იწყება. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივები  40 %-იანი თანადაფინანსებით  მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge დღეს, 11 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის  18:00 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის  კოოპერატივებს შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა 2015 წლიდან  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 203 კოოპერატივს მიღებული აქვს – 18,433 სკა.  51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს –  112 000 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი, 48 კოოპერატივს – 48 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), ხოლო 22 კოოპერატივს – 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები