საგურამოში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფორუმი გაიმართა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ საგურამოში  მიწის სისტემური  რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფორუმი გამართა.  პროექტის შესახებ ინფორმირებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და  საპილოტო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნეს.

ფორუმი მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ გახსნა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, მიწით მოსარგებლეებსა და მართლზომიერ მფლობელებს საგურამოში ჩატარებული სამუშაოები გააცნო. საპილოტო პროექტიის მნიშვნელობის შესახებ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ ისაუბრა.

„ამ პროექტის მიზანია სრულად მოიცვას კონკრეტული არეალი, რომ განსაზღვრული მუნიციპალიტეტში სრულად იყოს დარეგისტრირებული მიწის ყველა ნაკვეთი.  რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული საპილოტო არეალისთვის  მოსახლეობაში ცნობადობისა ამაღლებისთვის და ინფორმაციის მიღებისთვის იმის შესახებ,  თუ რისთვის ხორციელდება ეს პროექტი, რა სარგებელი შეიძლება, მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ ამ რეგისტრაციის შედეგად”,- განაცხადა ივანე ცარციძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ფორუმზე ადგილობრივ მოსახლეობას კერძო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ. თითოეულ მონაწილე ორგანიზაციას საინფორმაციო კუთხე და საპრეზენტაციო დრო დაეთმო. მათ სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში  მოსახლეობას სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტთან მიმართებაში საკუთარი პროგრამები გააცნეს.

„ფერმერი ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგისტრირებული მიწაც და ქონებაც, იმდენად რამდენადაც რეგისტრაციის გარეშე ვერ ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რასაც სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს, მათ შორის  აგროკრედიტები, აგროდაზღვევები და სხვა. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესო იქნება თუ ეს მთლიანად საქართველოში გავრცელდება”, – განაცხადა „ფერმერ ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში  სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, ყველა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას გულისხმობს. სოფელი საგურამო ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაციისთვის საჭირო მომსახურებები:  უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები