“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი” ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  ჟურნალ  „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ს  ფარგლებში, “ლიბერთი  ბანკის”  მხარდაჭერით, უკვე  მესამედ  აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს  ქართველი  მწერლებისთვის:  „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“.

კონკურსის მიზანია, მწერლებმა ხელი შეუწყონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ჯანსაღი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას სკოლაში.

“წელს, კონკურსის მრავალფეროვნებისთვის,  საერთო სათაურის  ქვეშ, სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი ღირებულებების თემა გამოვყავით. რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლებმა უნდა შექმნან ნაწარმოებები, რომლებიც  ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს,  როგორიცაა უსაფრთხო სასკოლო გარემო, ტოლერანტობა, ინტერკულტურული განათლება, სამართლიანობა, მეგობრობა და  წარმოაჩენს მასწავლებლის  როლს ამ პროცესში”,- აცხადებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში”.

კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს სპეციალური  ჟიური.  გამარჯვებულები  1 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი  კვირეულის  მიმდინარეობისას საზეიმო მიღებაზე დაჯილდოვდებიან. მათ საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და  ფულადი ჯილდო “ლიბერთი ბანკისაგან”.

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

დაინტერესებული პირები  კონკურსის პირობებს დეტალურად გაეცნობიან  როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე tpdc.ge-ზე, ასევე  ინტერნეტგაზეთ  mastsavlebeli.ge-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები