ომბუდსმენი: პროტესტის გამოხატვის ფორმა უკანონოა, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად, მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად, მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. საქართველოს მთავრობას ან თვითმართველობის ორგანოს აქვს უფლება, შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით. ბატონ ზაზა სარალიძის და ყველა იმ პირის უფლებების დასაცავად მე და ჩემი აპარატი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ჩვენ გვინდა ვნახოთ საქმის ყველა დეტალი, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნა არის შესაძლებელი, მოვითხოვოთ. ასევე ვმუშაობთ ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც სისტემურია. დამეთანხმებით, რომ ამ საქმის მასშტაბი ცილდება ერთ კონკრეტულ შემთხვევას და სხვა გლობალურ პრობლემებს წარმოაჩენს. ეს არის საქმე, სადაც დღის წესრიგშია როგორც დათო სარალიძის უფლებების დაცვა, ასევე სხვა გარდაცვლილი ბავშვების უფლებები და ინტერესები. მე სრულიად მესმის პიროვნული მღელვარება და ბრაზი, რომელიც ბატონ ზაზას ან აქციაზე შეკრებილ ნებისმიერ პირს შეიძლება ქონდეს. მაგრამ ამის მიუხედავად აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი. სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც ასევე სოლიდარულია ბატონი ზაზას მიმართ. მისასალმებელია პროტესტის ყველა ფორმას, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია, რომ აღნიშნული მშვიდობიანი და კანონიერი იყოს. კანონიერის ქვეშ პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ სხვა პირთა უფლებები არ დაირღვეს. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია მართლწესრიგის დაცვისას გამოყენებული ყველა ზომა იყოს პროპორციული და ადეკვატური”, – წერს ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები