რას აცხადებენ ფოთის საკრებულოში, სადაც მოქალაქეებს შინაურ ცხოველებთან სექსი აუკრძალეს

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის წესის თაობაზე მიღებული დადგენილების გამო, წყალტუბოს საკრებულოს შემდეგ, საზოგადოების ქილიკის საგანი ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა.

ფოთის საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის 30 მაისის სხდომაზე მიღებული დადგენილებით, ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ასევე, იკრძალება მათთვის ჩლიქების ან ეშვების დამახინჯება და ა.შ.

დადგენილებაში საქილიკოს ვერაფერს ხედავს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია დარჯანია.

როგორც მან „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, საკრებულოში დადგენილების პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიტანა, რომელიც ცხოველთა დაცვის ფედერაციის ინიციატივით მომზადდა, საკრებულომ კი პროექტი მოიწონა.

„მე დოკუმენტებზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება მაქვს და ამ დოკუმენტში ვერანაირი ხარვეზი ვერ დავინახე. ეს არის ძალიან გამართული დოკუმენტი, ეს არის ცხოველის ადამიანთან თანაარსებობის განმსაზღვრელი ძალიან კარგი წესი. მე წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც ვარ და როგორც კი ახალი რეგულაციები ჩნდება ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ. თუ მოსაწონი და მისაღებია ახალი რეგულაცია, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ცოტა გაკვირვებულიც ვარ, რატომ გახდა ეს ყველაფერი აჟიოტაჟის საფუძველი. ცხოველების წამების არაერთი შემთხვევაა, სამწუხაროდ, და უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს“, -განუცხადა „კვირას“ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

დადგენილების თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილი სახის სასტიკი მოპყრობის ჩადენის შემთხვევაში, მეპატრონეს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა ცხოველი და სპეციალურ თავშესაფარს გადაეცემა. მეპატრონეს უფლება ექნება, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.

ცნობისთვის, ანალოგიური დადგენილება ცოტა ხნის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები