„ჩემი ადვოკატის“ ინიციატივით, ცხოველთა უფლებების სამართლებრივ მოწესრიგებაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

თბილისის მერიის ეგიდით დაარსებული პროექტის „იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატის“ ინიციატივით, ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ შექმნილი კანონპროეტის დახვეწაზე მუშაობა დაიწყო. ამ მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხარდაჭერით,  ამ კუთხით მომუშავე ორგანიზაციებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მიზანს ცხოველთა დაცვის კუთხით სამართლებრივი რეგულაციების მოწესრიგება და აღსრულება წარმოადგენდა. მრგვალი მაგიდის ირგვლივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. მომხსენებლებმა  ცხოველთა კეთილდღეობის სამართლებრივ მოწესრიგებაზე კანონპროექტში შესატან ცვლილებებსა და არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ როგორც ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიაზციები, ისე ცხოველთა თავშესაფარის მეპატრონეები, რომლებიც უშუალოდ იცნობენ საქართველოში  ცხოველთა უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრის ბოლოს ორგანიზაციებმა საზოგადოების სამოქალაქო ჩართულობისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით, ყველაზე მეტი განცხადება 2015-2016 წლებში შევიდა (2015-21, ხოლო 2016 -15),  2012 წელს კი 13 განცხადება დააფიქსირდა. რაც შეეხება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სასამართლო პროცესებს,  2015 წელს არცერთი საქმე არ განხილულა, ხოლო 2016 წელს სასამართლომ მხოლოდ 1 საქმეზე აწარმოა პროცესი. დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აღნიშნული პრობლემა სამართლებრივ დარეგულირებას საჭიროებს, რათა დაუცველი არსებების მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადი იყოს.

იურიდიული კლინიკა – „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეთა  უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უფასო სამართლებრივ საქმიანობას ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია მოქალაქეთა  ინტერესების დაცვა სასამართლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე, საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები