“ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რათა ზვიად დევდარიანს, “საზმაუს” ბორდის წევრობიდან, თავისი კანდიდატურა მოეხსნა”

ეს იყო მიზანმიმართული კამპანია იმ ელემენტარული მიზნით, რომ ზვიად დევდარიანს მოეხსნა თავისი კანდიდატურა “საზმაუს” ბორდის წევრობიდან, – ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის ოფისში განუცხადა, სადაც „სიდას“ ყოფილ დირექტორთან, ზვიად დევდარიანთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან, ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროვების ფაქტებს.

„ზოგადად, მტკიცებულებას ველოდი, არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, – ერთი დოკუმენტი არ არის, თუნდაც ერთი მტკიცებულება მაინც, ან მიმოწერა, ან სქრინი, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი. არის მხოლოდ განცხადებები, რომელსაც მტკიცებულებები არ ახლავს“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისში, ზვიად დევდარიანი დეტალურად გამოიკითხა.
შეგახსენებთ, „სიდას“ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად წარადგინა. თუმცა, ქალთა მოძრაობამ ზვიად დევდარიანი სექსუალური შევიწროების შემთხვევებში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, დევდარიანმა სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები