საქართველოს მთავრობამ და ყაზბეგის განვითარების ჯგუფმა სოფლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს

სტეფანწმინდაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა და ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წევრებმა სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ყაზბეგის განვითარების ჯგუფს სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე ინფორმაცია გააცნეს და მათი მოსაზრებები და წინადადებები მოისმინეს.

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ადგილობრივი განვითარების რვა ჯგუფიდან.

შეხვედრაზე მონაწილეებმა იმ  სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე იმსჯელეს, რომელთა მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებით, სოციალური და საჯარო სერვისების გაუმჯობესებით, დასაქმების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვისა და სოფლის ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხებს, სოფლის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას.

„ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის და ახალი სტრატეგიის მომზადებისთვის. ყოველ სოფელს განსაკუთრებული შესაძლებლობები და გამოწვევები გააჩნია. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ხელს უწყობენ თემის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია სოფლის განვითარებისთვის, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ.

უახლოეს თვეებში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრები გაიმართება კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები