არჩილ თალაკვაძე: დამტკიცების შემდეგ, კომისიისთვის სამი თვის ვადა საკმარისი იქნება, რათა მან თავისი ფუნქცია შეასრულოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დღეს დამტკიცდება და კომისიის წევრთა უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები იქნებიან. როგორც მან აღნიშნა, გამოძიება ემსახურება იმას, რომ საქმესთან არსებული კითხვის ნიშნები ამოიწუროს.

„დამტკიცების შემდეგ, კომისია საქმიანობას შეუდგება და ვფიქრობ, სამი თვის ვადა საკმარისი იქნება, რათა კომისიამ ფუნქცია შეასრულოს. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე.
დასკვნა იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მხარეებს ექნებათ საშუალება, რომ სხდომებში მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება არასრულწლოვნების შესახებ პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ დავიცავთ მაღალ სტანდარტს. ამ კომისიასთან მიმართებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა სახე. ბიუროს სხდომაზე ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ კომისიის შექმნას, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ და მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას, მათ შეცვალეს გადაწყვეტილება და დღეს ამბობენ, რომ კომისიის შექმნას, რასაც თვითონაც ითხოვდნენ, აზრი არ აქვს. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა ამ საქმეზე არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ, რეალურად, ამ საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა. გამოძიება ემსახურება იმას, რომ კითხვის ნიშნები რაც რჩება, ამოიწუროს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები