უცხოელი მოხალისე პედაგოგებისთვის სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სასწავლო წელი, უცხოელ კოლეგებთან ერთად, უცხოური ენის ქართველმა პედაგოგებმაც შეაჯამეს და მოხალისეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ, უცხოენოვანი ესეების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს.

ღონისძიებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, უკვე მერვე წელია, რაც უცხოელი მოხალისე მასწავლებლების დახმარებით, საქართველოს საჯარო სკოლებში უცხოური ენების სწავლების ხარისხი უმჯობესდება. 2012 წლიდან პროგრამამ ცვლილებები განიცადა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოხალისე მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმები დახვეწა. გარდა ამისა, უფრო მრავალფეროვანი გახდა და ინგლისურენოვან მასწავლებლებს, ჩინური, ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ახლა უკვე არა მარტო უცხოური ენების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არამედ ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხითაც მუშაობს. უცხოელი მოხალისეების საქმიანობის ნაწილს კოლეგებთან თანამშრომლობა, ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მასწავლებლების ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, უცხოურ ენაზე კომუნიკაცია წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები