ქეთევან ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშვილზე მიზანმიმართულად იყო ძალა გამოყენებული

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილზე მიზანმიმართულად იყო ძალა გამოყენებული.
მისი თქმით, დაგეგმილია ასევე საკომისიო ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზს დაადგენს.
„ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მის სხეულზე იყო 100-ზე მეტი დაზიანება. ეს ცხადყოფს იმას, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად იყო ძალა გამოყენებული, არაადამიანურ მოპყრობას და, ფაქტობრივად, წამებას ჰქონდა ადგილი. არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ამას გამოძიება შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს. გამოძიებისთვის საექსპერტო შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი ასევე, რომ საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც უშუალოდ სიკვდილის მიზეზებს დაადგენს.

ის, რომ უკანონო პატიმრობაში ყოფნისას, მისი სიცოცხლის ძალისმიერი ხელყოფა მოხდა, თავიდანვე ცალსახა იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექსპერტიზამ აბსოლუტურად ყველა დაზიანება ძალიან დეტალურად აღწერა. ამ დაზიანებების მრავლობითობა უკვე, რა თქმა უნდა, ცალსახა სურათს იძლევა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, რომ არჩილ ტატუნაშვილს 100-მდე ჭრილობა და დაზიანება ჰქონდა მიღებული. სხეულზე, მათ შორის, ჭრილობების ნახევარი, ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები