ნინო ლომჯარია: გაფიცვა რომ არ გასცდეს კანონის ფარგლებს, მემანქანეებმა უნდა იპოვონ კონსენსუსი მოლაპარაკების გზით

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გაფიცულ მეტროს მემანქანეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება შრომის უფლებებთან მიმართებაში. მისივე თქმით, გაფიცვა რომ არ გასცდეს კანონის ფარგლებს, მემანქანეებმა უნდა იპოვონ კონსენსუსი მოლაპარაკების გზით.
„ვფიქრობ, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება შრომის უფლებებთან მიმართებაში. სახალხო დამცველი მოამზადებს სასამართლო მეგობრის მოსაზრებას და წარუდგენს სასამართლოს განხილვის ეტაპზე. განხილვის ეტაპზე ჩვენ სამართლებრივად წარმოვადგენთ პოზიციებს. ასევე მათ განვუცხადე, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. გაფიცვა რომ არ გასცდეს კანონის ფარგლებს, მათ უნდა იპოვონ კონსენსუსი მოლაპარაკების გზით. თუ იქნება საჭიროება სახალხო დამცველის ჩართულობით, შემიძლია, საჯაროდაც მივმართო მუნიციპალიტეტს, სატრანსპორტო კომპანიას, რომ შეგვიძლია, სახალხო დამცველის აპარატს, ან პირადად მეც ჩავერთო ამ პროცესში.
გაფიცვის უფლება არის გარანტირებული კონსტიტუციით, შესაბამისად, მე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც ვარ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველი, ჩემ როლს ვხედავ იმაში, რომ არცერთმა საჯარო უწყებამ, თუ კომპანიამ, არ დაარღვიოს გაფიცვის უფლება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეები გუშინ, 4 ივნისს დილიდან გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 45 პროცენტით მატებაა. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები