გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა ქალაქ მცხეთის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. წელს გარემოს დაცვის დღის თემას „შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება“ წარმოადგენს.

„გარემოს დაცვის დღის აღნიშვნის მიზანია ავამაღლოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იზრუნოს სუფთა ეკოლოგიურ გარემოზე, იზრუნოს გარემოსდაცვითი მდგრადი განვითარების მხარდაჭერაზე. რაც მთავარია, უნდა განვახორციელოთ სლოგანი „ჩვენი ქვეყანა ჩვენი პასუხისმგებლობაა“ და უარი ვუთხრათ პლასტიკატს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება. გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება, ვინაიდან გარემოში პლასტიკის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით  1973 წლიდან აღინიშნება.

აქცია, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები