ინგა არახამია: ჩემი ბინის ფანჯარაზე სროლა, ჩემს საადვოკატო საქმიანობას უკავშირდება

“ერთადერთი, რომელ საქმესაც ვუკავშირებ ამ შემთხვევას, არის მილენა მითაიშვილის საქმე, ვინაიდან არაერთი მუქარა არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით”, – ასე ეხმაურება ადვოკატი ინგა არახამია, გუშინ მისი საცხოვრებელი ბინის ფანჯარაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს. როგორც მან შემთხვევის დეტალებზე საუბრისას განაცხადა, თავდაპირველად, დაახლოებით 3-4 გასროლა იყო მიყოლებით, ცოტახნის პაუზის შემდეგ კი, – ერთი გასროლა.
მისივე თქმით, ყოველივე ეს მის საადვოკატო საქმიანობასთანაა დაკავშირებული.
„დაახლოებით 4-5 გასროლის ხმა გავიგე. თავდაპირველად იყო ალბათ 3-4 გასროლა მიყოლებით, შემდეგ იყო პაუზა და შემდეგ, ერთი გასროლა. შუშა არის ორმაგი და მთლიანად ამოიღეს, ვინაიდან აქვთ ეჭვი, რომ ნასროლია ე.წ. „დრაბავიკიდან“ და შესაძლოა, შუაშია ჩავარდნილი ტყვიის ნაწილები. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ჩემს საადვოკატო საქმიანობას. დღეს ვარ დაბარებული პოლიციაში გამოკითხვაზე, ამ თემაზე“, – განაცხადა ინგა არახამიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ადვოკატი სახლში იმყოფებოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები