ლევან დავითაშვილი: ჩვენ შევძლებთ პლასტიკით გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შევამციროთ

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. წელს გარემოს დაცვის დღის თემას “შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება” წარმოადგენს.

“ამ დღის აღნიშვნის მიზანია, თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ბუნების წინაშე და  აქტიურად ჩაერთოს იმ აქტივობებში, კამპანიებში და ღონისძიებებში, რომლებიც გარემოს დაცვას და მისი მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება. გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება, ვინაიდან გარემოში პლასტიკის  სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

გარემოს პლასტიკისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად,  საერთაშორისო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, საქართველოში, 2018 წლის ბოლოდან ამოქმედდება ,,ტექნიკური რეგლამენტი – პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი. ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიც, გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, შეზღუდვები დაწესდება გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების გამოყენებაზე. ახალი რეგულაციის ამოქმედებით, თითოეული მოქალაქის მხარდაჭერით და აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ პლასტიკით გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შევამციროთ“, –  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაერო-ს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 5 ივნისი გარემოსდაცვით  ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები