ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს თორნიკე ხვიტია ეწვია

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ღვინის კომპანია, ”გილენის” მფლობელი, თორნიკე ხვიტია იმყოფებოდა. ამის შესახებ ვეტერანების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“თორნიკე ხვიტია ბიზნესმენია, მეღვინე და თავისი ნაწარმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გააქვს. იგი, ასევე, ესწრება ეკონომიკის სფეროში გამართულ გამოფენებსაც. ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე, შანხაიში, მიმდინარე წლის 11 მაისს, სადაც ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, თავისი ნაწარმი ჰქონდა გამოფენილი, პავილიონს დიდი ასოებით ეწერა Georgia. მასთან შუა ხნის მამაკაცი მივიდა და სიყვარულით და სითბოთი გადაეხვია -თქვენ იმ ქვეყნიდან ხართ, რომელიც ძალიან მიყვარს და ამ სიყვარულის უამრავი მიზეზი მაქვს, მე, როგორც პოლონელსო. იხსენებდა მეორე მსოფლიო ომის დროს, პოლონეთში ქართველების მონაწილეობას, იუნკერების ამბებიც გაიხსენა და თან, გულისტკივილით ამბობდა – რამდენი ბრძოლის გადატანა მოგიხდათ ამ პატარა ერს და რამდენჯერ უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულხართ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგო.

განსაკუთრებით აღუნიშნავს იუნკერების ისტორია. მერე, ქართული ღვინის ბოთლს დახედა თურმე და მარტო გმირების კი არა, ღვინის სამშობლოც თქვენ ხართო. მერე ღვთაებრივი ქართული მრავალხმიანი სიმღერები გაიხსენა, საოცარი ნაციონალური ცეკვები და თან ცრემლები სდიოდა თურმე -თქვენი ყველა ტკივილის ჭირისუფლად მიგულეთო. ბოლოს, ბატონ თორნიკეს, რომელიც ემოციებისგან, როგორც თავად ამბობს, ცრემლებს ვერ იკავებდა, ასი ევრო გადასცა – ეს კი ძალიან მცირედია, მაგრამ გულით გთხოვთ, რუსეთ-საქართველოს ბოლო ომში ვინც ყველაზე უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა, იმას გადაეცითო.  თორნიკეს უთქვამს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მივმართავ და ისინი ყველაზე უკეთ განკარგავენ ამ თანხასო. ეს საოცარი სტუმარი ცრემლებით სავსე თვალებით დაემშვიდობა თორნიკეს და უთქვამს: ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გადაეცით ყველა ქართველ მებრძოლს, ვეტერანს, მთელს საქართველოს. იმედი მაქვს, მალე დაიბრუნებთ რუსეთის მიერ თქვენთვის წართმეულ კუთხეებს და ოდესმე, ალბათ, მეღირსება და სამაჩაბლოშიც ჩავალ და აფხაზეთშიც, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილშიო.

ეს საოცარი ბატონი, წარმოშობით პოლონელი, ავსტრალიის მოქალაქე, სახელად ვიტეკი, რომელიც ისე დაშორდა მასპინძელს, რომ თავისი გვარიც კი არ უთხრა…

თორნიკემ თანხა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ანგარიშზე ჩარიცხა, რომელიც აუცილებლად მივა დანიშნულების ადგილამდე…

მადლობა ბატონ თორნიკეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, ნდობისთვის და, რა თქმა უნდა, ბატონ ვიტეკს – საქართველოს ამხელა სიყვარულისთვის, ქართველი მეომრების ასე დაფასებისთვის. ჩვენ აუცილებლად ვიმეგობრებთ!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის გადაწყვეტილებით, ბატონ თორნიკეს, ჩვენი სამსახურის სამადლობელი სიგელი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვიმპელი გადაეცემა; ბატონი ვიტეკის მიმართ მადლიერების აღსანიშნავად, მისთვისაც გადავდებთ საჩუქრებს და ვიმედოვნებთ, რომ მას, მალე მიეცემა შესაძლებლობა, ეწვიოს არა მხოლოდ თბილისს, არამედ სოხუმსა და ცხინვალს – როგორც ერთიანი საქართველოს განუყოფელ ნაწილებს”,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწფო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები