სემეკმა მოქალაქეებს აპრილსა და მაისში 130 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში 19 საჯარო სხდომა გამართა და 252 სადავო საკითხზე იმსჯელა. სხდომაზე განსახილველი საკითხები მოიცავდა ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს.

სხდომებზე საკითხები სემეკის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა წარადგინეს.

ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრები კომპანიების მიმართ შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 137 200 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე  კომისიის Facebook გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები