აკაკი ზოიძეს თამბაქოსთან გლობალურ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მას თამბაქოსთან გლობალურ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ყოველწლიურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი „თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს“ ყველაზე თვალსაჩინო ინსტიტუტებს და მოღვაწეებს აჯილდოებს, რომელთაც წვლილი შეიტანეს თამბაქოს კონტროლის სფეროში.

ევროპის 53 წევრ ქვეყანაზე მხოლოდ 6 ჯილდო გაიცა და მათ შორის არის საქართველო. საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლებასა და ყველა პარტნიორს,  ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა წარმატება მიულოცა.

„თამბაქოსაგან თავისუფალი მსოფლიო დღე, პირველადი დანიშნულების გარდა, მთელ მსოფლიოში აღინიშნება იმისთვისაც, რომ გამოვკვეთოთ და მივულოცოთ იმ ყველაზე წარმატებულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების თამბაქოსგან გათავისუფლებაში წვლილი შეიტანეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 53 წევრ ქვეყანაში მხოლოდ 6 ასეთ ჯილდოს გასცემს და მათ შორის არის საქართველო. თქვენ, ყველამ ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ ამ დიდი საქმისთვის, რისთვისაც ყოველი თქვენგანი იმსახურებთ მადლობას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ერთი ჯილდოს გადაცემა შეგვიძლია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხმა კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ამ კანონის მიღებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. სწორედ, მისი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს აქვს ასეთი ყოვლისმომცველი კანონი, ყოველწლიურად, 31 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღეს. 2018 წელს, ამ დღის აღნიშვნა საქართველოში ემთხვევა იმ კანონის ამოქმედებას, რომელიც არეგულირებს და გარკვეულწილად კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებასა და სპონსორობას“, – განაცხადა საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელმა, მარიან ივანუშამ.

„ეს ჯილდო, თანაბრად ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, ვინც თავისი კარიერა, ცხოვრებისეული მიზნები ჩადო იმ ძალიან კეთილშობილურ იდეაში რასაც ჰქვია – „2040 წლისთვის თამბაქოსგან თავისუფალი საქართველო“. ამის აღსრულება არის საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე დამოკიდებული. ეს არის კანონი, რომელიც მოითხოვს სოლიდარობას მწეველ და არამწეველ მოქალაქეებს შორის. ჩვენ თუ განვახორციელეთ ყველა ის ღონისძიება, რისთვისაც აღმასრულებელი ხელისუფლება რეალურად არის კონცენტრირებული და კვლავაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა, მომავალი 15 წლის განმავლობაში გადავარჩენთ 53 ათას ადამიანს ნაადრევი სიკვდილისაგან და 3,6 მლრდ ლარის სარგებელს მოვუტანთ ქვეყანას. ჩვენ არ მივეცემით თვითკმაყოფილებას, ეს არის ბრძოლის დასაწყისი. ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კანონის დანერგვის მიმდინარე პროცესზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობასა და მთვრობის მხრიდან სწორი კომუნიკაციის წარმართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„იმისთვის, რომ ეს კანონი ეფექტურად მუშაობდეს, აუცილებელია მისი მთავარი მამოძრავებელი ძალის – საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და იმის გააზრება, რომ ამ კანონის დაცვა აუცილებელია. ვერცერთი მონიტორი ვერ შეასრულებს ამ ფუნქციას ისე, როგორც საზოგადოება. თამბაქოსგან თავისუფალი საერთაშორისო დღე კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ იმ პოტენციურ ზიანებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს თამბაქოს მოხმარების ისე გაგრძელებამ როგორც ეს მაისამდე იყო“, – აღნიშნა მინისტრმა.

2018 წელს, ამ დღის ძირითადი გზავნილია – „თამბაქო ამსხვრევს გულებს“, იმ გამანადგურებელი ეფექტის ხაზგასასმელად, რომელიც თამბაქოს ზოგადად გააჩნია და განსაკუთრებით კი, გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2018 წლის კამპანიის მიზნებია:

  • ხაზი გაესვას თამბაქოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირს
  • საზოგადოებაში გაიზარდოს ცნობიერება თამბაქოს მოხმარების და მისი მეორადი კვამლის უარყოფითი გავლენის შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე
  • შეიქმნას შესაძლებლობები საზოგადოებისთვის, მთავრობისთვის და სხვა მხარეებისთვის, რათა პოპულარიზაცია გაუწიონ გულის სიჯანსაღეს თამბაქოს პროდუქტების გამოყენებისგან ადამიანების დაცვით
  • მოხდეს ქვეყნების სტიმულირება ჯანმო-ს FCTC MPOWER ზომების დანერგვის გასაძლიერებლად.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები