გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში – „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ მიმართეს.
“გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს – სამინისტროს სახელით აქვს დიდი გამოწვევა, რომ მისი ინდივიდუალური და ორგანიზაციული შესაძლებლობების დახმარებით, გაუმჯობესდეს გარემოს მონიტორინგი და შემუშავდეს ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა, რომელსაც უდიდესი როლი მიენიჭება გადაწყვეტილების მიღების პროცესში” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მნიშვნელობაზე, გარემოსდაცვითი მონაცემების მართვისა და მონიტორინგის პროცესში არსებული უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მაია გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებას, საერთაშორისო ანგარიშგების ხელშეწყობასა და საინფორმაციო სისტემების განვითარებას. პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები