შოთა გულბანი: მედიკამენტების გასაიაფებლად მთავრობას შეუძლია ფასნამატის ზედა ზღვარი მკაცრად განსაზღვროს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, მისი ორგანიზაციის მიერ, საქართველოში მედიკამენტების ბაზრის კვლევის შედეგები წარადგინა.
“მედიკამენტები არ გახლავთ კომერციული პროდუქტი, იგი სოციალური პროდუქტია და საქართველოში არსებული დაახლოებით 800 ათასი პენსიონერის დანახარჯი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მედიკამენტებს საზოგადოების სხვა დანარჩენი ფენაც მოიხმარს, იგი ნამდვილად წარმოადგენს სოციალურად მნიშვნელოვან საკითხს და მისი ფასი ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავრობის პოლიტიკით, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები გახლავთ დომინანტი, სადაც კონკურენტები თავად განსაზღვრავენ პრინციპებს და ფასნამატს.
საქართველოს მედიკამენტების ბაზარი ერთი შეხედვით მართლაც ტოვებს კონკურენტუნარიანობის შთაბეჭდილებას, მაგრამ მეორეს მხრივ, უამრავი გამოკვლევის შედეგად, ეს ბაზარი შეიძლება შეფასდეს, როგორც ვერტიკალური ოლიგოპოლიური მდგომარეობა, ანუ ბაზარზე არსებობს რამდენიმე დომინანტი მოთამაშე, რომელიც დანარჩენ წვრილ მოთამაშეებს კარნახობს ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული რამდენიმე ბიზნეს მიმართულება: წარმოება, სარეალიზაციო ქსელი, დისტრიბუცია და იმპორტი. აბსოლუტურად უკონტროლო სფერო გახლავთ მედიკამენტებზე ფასის დამატება.
მთავრობას შეუძლია შექმნას ბაზარზე მეტი კონკურენცია. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ბაზარზე ახალი კონკურენტის გაჩენამ, გამოიწვია დანარჩენი მოთამაშეების ღელვა და რეალურად, – მედიკამენტებზე ფასის დაწევამ. აღნიშნულ პროექტს კვლავაც განვაახლებთ. მთავრობას ასევე შეუძლია დასავლური პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც მედიკამენტზე ფასნამატის ზედა ზღვარი მკაცრად განსაზღვრულია”, – განაცხადა შოთა გულბანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები