სოციალურ მუშაკთა ასოციაცია: კანონპროექტში „სოციალური მუშაობის შესახებ“ ასოციაციის ძირითადი მოსაზრებები გათვალისწინებულია

საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართება, სადაც საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი იქნება საქართველოს კანონპროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“.

კანონპროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ძირითად პრინციპებს, სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსსა და სოციალურ გარანტიებს, ადგენს მის ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, აწესრიგებს სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

კანონპროექტში „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ ყველა ძირითადი მოსაზრება ამ ეტაპზე გათვალისწინებული და ასახულია. ასოციაციას მიაჩნია, რომ  კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ის, რომ ხდება სოციალური მუშაკის ტიტულის დაცვა.

„სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმდენად, რამდენადაც, სოციალურ მუშაკი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ისეთ ინდვიდებთან თუ ოჯახებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. აქედან გამომდინარე, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერება ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას. სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმა აუცილებელია, რათა ქვეყანას ჰქონდეს პრევენციაზე ორიენტირებული სოციალური მუშაკის სისტემა.

კანონპროექტით დადგენილია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები, რაც უზრუნველყოფს როგორც ბენეფიციარების, ასევე, სოციალური მუშაკების მაქსიმალურ დაცულობას და ფუნქციების უკეთესად შესრულებას.

ასევე, კანონის პროექტი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის პროფესიულ კვალიფიკაციას. იგი სოციალური მუშაკის პროფესიისათვის აყალიბებს ძირითად მოთხოვნებს და ადგენს, თუ რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს სოციალური მუშაკი. მათ შორის, სწორედ აღნიშნული რეგულაცია იწვევს ამ პროფესიის რეგულირებად პროფესიად ქცევას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის ზრდას და ხარისხიანი სოციალური მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში“,- აცხადებენ „სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები