კახა კალაძე: სამშენებლო უსაფრთხოების ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება

“ნუ დააყენებთ კანონზე მაღლა საკუთარ ინტერესებს, მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია და მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მათ მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უსაფრთხოების არცერთი ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება.
“ზედამხედველობასთან მიმართებაში, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, იმისთვის, რომ სამსახურის სისტემური გაძლიერება განვახორციელოთ, მისი მუშაობის ეფექტიანობა გავზარდოთ. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. უსაფრთხოების არცერთი ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, ძალიან მომთხოვნები და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო სამშენებლო სექტორს, რომ დაიცვან მოთხოვნები და ნორმები, რომელიც ჩვენი მხრიდან არის წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონში, 21 მარტიდან გაიზარდა ჯარიმები და ამ პერიოდიდან ზედამხედველობის სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო 47 მისამართზე, მათ შორის, უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე და გამოიწერა ჯარიმა 390 000 ლარი, პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი, სულ 160 000 ლარით; შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო, გამოწერილ იქნა 5 ჯარიმა, ჯამში 250 000 ლარი; ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო, ჯარიმების საერთო ოდენობა არის 450 000 ლარი“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები