“2019 წლის ბიუჯეტს არ დავუჭერ მხარს, თუ ის არ ასახავს ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის საჭირო ყველა ხარჯს”

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღევანდელ საპარლამენტო სესიას, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, ბერი ანდრიას ფონდის, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარები ეწვივნენ.

პარლამენტის ფოიეში ბერია ანდრიას ფონდის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ბავშვებმა სამუშაო დღე სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან გაატარეს, დეპუტატებს შეხვდნენ და კომიტეტის სხდომებს დაესწრნენ.

დღევანდელ სესიაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში მიღწეულ შედეგები შეაჯამა და დარჩენილ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საჯარო თუ კერძო სექტორსა და საზოგადოებას, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ძალისხმევა საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ასევე, რეაბილიტაციისათვის სრულყოფილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და სერვისების შესაქმნელად.

“ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პოლიტიკურ განცხადებას და დღევანდელ დღეს ვუძღვნით ბავშვებს,რომლებმაც უკვე დაამარცხეს ან რომლებიც დღემდე იბრძვიან ონკოლოგიური დაავადებების დასამარცხებლად”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, სიცოცხლისათვის ურთულეს ბრძოლაში ამ ბავშვებს, მშობლებთან და სახელმწიფოსთან ერთად, უდიდეს მხარდაჭერას უწევს 3 ორგანიზაცია. მან თითოეული ორგანიზაციის ღვაწლზე ისაუბრა.

„ბერი ანდრიას ფონდი 8 წლის წინ შეიქმნა სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად და გახდა ასობით ბავშვისა და მათი მშობლების გამაერთიანებელი კერა. ბერი ანდრიას ფონდი ყოველდღიურ ცხოვრებას ულამაზებს და უადვილებს თითოეულ ბავშვს, რომელთაც შეეხოთ ონკოლოგიური დაავადება. 5 წლის წინ ასევე ყველას გვახსოვს ქართველი ჟურნალისტების ბრძოლა დიმიტრი ცინცაძის გადასარჩენად და ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ როგორ გაერთიანდნენ ჩვენი წამყვანი ჟურნალისტები სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. 5 წლის მანძილზე დიმიტრი ცინცაძის ფონდმა 2 მილიონ 365 000 ლარის მობილიზაცია და 282 ბავშვის დახმარება შეძლო მკურნალობის თანადაფინანსებისა და საზღვარგარეთ მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად”, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მან ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით.

„ამის შემდგომ საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის დაფინანსების ძირითადი პრობლემა გადაჭრა ქვეყანაში. თუმცა პედიატრიული ონკოლოგიის – განსაკუთრებით ძვირადღირებული პროგრამის – დაფინანსება არ იყო სრულად შესაძლებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ ეკონომიურად ძლიერ ქვეყნებშიც პედიატრიული ონკოლოგია არის სახელმწიფოს ძალისხმევისა და საზოგადოებრივი ქველმოქმედების საგანი. სწორედ ამიტომ – 2014 წელს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით ჩვენ შევქმენით საქართველოს სოლიდარობის ფონდი. 4 წელიწადში 60000 საჯარო მოხელის და 500 ორგანიზაციის ხელშეწყობით სოლიდარობის ფონდმა შეძლო 13.5 მილიონი ლარის მობილიზაცია და 530 ბავშვის მხარდაჭერა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. სოლიდარობის ფონდის მასშტაბი ნამდვილად უპრეცედენტო აღმოჩნდა და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს და თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისათვის. მიუხედავად ამ შთამბეჭდავი შედეგებისა, ბავშვთა ონკოლოგიის საქმე ჩვენ ბოლომდე გვაქვს მისაყვანი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან ოთხი ძირითადი თხოვნით მიმართა კოლეგებს:

“პირველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანადგომით საქართველოს მთავრობამ ბერი ანდრიას ფონდს უზურფრუქტით თბილისში გადასცა მიწა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ “ბედნიერების სახლი”. მინდა, მოგიწოდოთ თითოელ ჩემს კოლეგას და საზოგადოების წევრებს, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ბერი ანდრიას სახლის მშენებლობა და თითოეულმა ერთი აგური მაინც შევმატოთ ამ დიდ საქმეს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ “ბედნიერების სახლი” დარჩება სახელმწიფოსა და საზოგადოების საკუთრებაში.

მეორე, მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოხდეს საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სტანდარტებისა და განფასების სისტემის გადახედვა, რომლის დაფინანსებაშიც ჩვენ დაგიდგებით გვერდით. პირადად მე, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს არ დავუჭერ მხარს, თუ ის სრულად არ ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის საჭირო ყველა ხარჯს.

მესამე, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის არამომგებიანი ცენტრი ბავშვებისათვის. არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს ისტორიული საქმეც.

დაბოლოს, მოგიწოდებთ ყველას – დღეს კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამივე ფონდის – საქართველოს სოლიდარობის ფონდის, დიმიტრი ცინცაძის ფონდის და ბერი ანდრიას ფონდის მხარდაჭერა, რომ თითოეული ბავშვს და მშობელს მივცეთ ბოლომდე, უკომპრომისო ბრძოლის ძალა და საშუალება”, – მიმართა მარიამ ჯაშმა პარლამენტის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები