იუსტიციის მინისტრმა ბავშვთა უფლებების დამცველებთან ერთად ბავშვთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესი გახსნა

„არასრულწლოვანთა უფლებები − რეფორმები საქართველოში: წარმატებები და ნაბიჯები წინ“ − იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  პარიზში ბავშვთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესის გახსნაზე მოხსენებით წარდგა.

მინისტრმა ქვეყანაში ბავშვთა მართლმსაჯულების სფეროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

თეა წულუკიანი შეეხო ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რომელიც სპეციალურ, ბავშვებზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებას და განსაკუთრებულ მიდგომებს აწესებს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებთან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის ივნისში მიიღო და შედეგად ქვეყანაში 400-მდე ბავშვის ნაცვლად (2008 წ.) დღეს საპატიმროში 23 ბავშვია, რადგანაც პატიმრობა უკიდურესი ღონისძიებაა და პრიორიტეტი განრიდებასა და მედიაციას ენიჭება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებული მაგალითია და ის მზადაა, უპასუხოს არაერთ თხოვნას თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ.

იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ბავშვთა რეფერირების ცენტრის შექმნაზე, რომელიც დაგეგმილია.

რეფერირების მექანიზმის კონცეფცია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე და როგორ უნდა დაეხმაროს ის რთული და პრობლემური ქცევის ბავშვებს, რათა დაიხსნას ისინი კრიმინალური სამყაროსაგან; როგორ უნდა მოხდეს ასეთი არასრულწლოვნების გამოვლენა, მათი საჭიროებების ანალიზი, მათთვის კონკრეტული სერვისების შეთავაზება, სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა და მათი ეფექტიანობის შეფასება − რეფერირების მექანიზმის კონცეფციაში დასახელებული თემებია გაწერილი.

ბავშვთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესი 28-30 მაისს პარიზში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები