ხობის საეკლესიო კომპლექსში 5 წმინდანის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ

28 მაისს „ხობის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის“ კურთხევიდან 5 წლისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართება.
სადღესასწაულო მსახურებები ორ ნაწილად დაიყო: საღმრთო ლიტურგია ამაღამ 00:00 საათზე დაიწყება და 3 : 00 საათამდე გაგრძელდება, მას მეუფე გრიგოლთან ერთად, მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლები აღავლენენ. ხვალ, 28 მაისს 12:00 საათზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სამადლობელი ლოცვა ჩატარდება.
უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით, 28 მაისის კომპლექსის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საგანგებოდ დაიწერა ორი ახალი ხატი: პატრიარქის საჩუქარი – „ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი“ (ხატმწერი რევაზ კოშკაძე) და მეორე ხატი – ქტიტორის საჩუქარი – “კიევ–პეჩორის ლავრის წმინდა ღირს მამათა ერთიანი ხატი (სულ 100 წმინდანი)“.
დელეგაცია ლუსკუმაში მოთავსებულ 5 წმინდანის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებს და კომპლექსს მუდმივ მფლობელობაში გადასცემს. ხობის ამ საეკლესიო კომპლექსში უკვე დავანებულია კიევ-პეჩორის ლავრის ღირს მამათა (83 წმინდანის) წმინდა ნაწილები.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დაიწერა წიგნი “აქედან საქართველო ილოცება”, ახალი ხატების ერთიანი ასლები და კიევ-პეჩორის ლავრის ღირს მამათა საინფორმაციო ბროშურები.ყველაფერი მომლოცველთათვის უსასყიდლოდ დარიგდება.
ხობის ეს საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია 2006 წელს, ბზობის დღესასწაულზე, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აკურთხა. საძირკვლის კურთხევაში მონაწილეობდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსი თევდორე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორი ღვაწლმოსილი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშიაა. ქტიტორი და მეურვე – გოდერძი ბუკია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები