პრეზიდენტი ლევილის ბიბლიოთეკიდან ნათარგმნი წიგნის – “საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ” პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წელს გამოცემული წიგნის – “საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ” თარგმანის პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნული კრებულის ფრანგულიდან თარგმნა და გამოცემა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს და ისტორიკოსებს პირველი რესპუბლიკის პერიოდის შესახებ კვლევების წარმოებაში. ამ მიზნით, შეირჩა ლევილის ბიბლიოთეკაში დაცული 3 წიგნი: „საქართველო ბოლშევიკური არმიის დომინაციის ქვეშ“, 1921 წლის გამოცემა; „ანრი ბარბუსი, საბჭოები და საქართველო“, დათიკო შარაშიძე, პარიზი, 1929; „საქართველოს საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე“, კონსტანტინე კანდელაკი, პარიზი, 1953. ამ დროისათვის თარგმნილია მხოლოდ ერთი წიგნი. პროექტი ნოე ჟორდანიას ინსტიტუტმა განახორციელა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნოე ჟორდანიას შთამომავლებს – ქრისტინე ფაღავასა და ირენ ციციშვილს, ასევე, საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, რომელმაც განსაკუთებული წვლილი შეიტანა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაშრომები ბიძგს მისცემს ჩვენი ისტორიის ამ პერიოდის შესწავლას და უფრო ადეკვატურ გააზრებას, იმისა, რაც მოხდა, ერთი მხრივ, საქართველოში და მეორე მხრივ, რა ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ლეგიტიმური წარმომადგენლები იმ ისტორიულ უსამართლობას, რაც საქართველოში მოხდა. მთელ ამ პროცესში, მადლიერება მინდა გამოვხატო ორი სახელმწიფოს – საფრანგეთისა და პოლონეთის მიმართ. საფრანგეთის, რომელმაც სავანე მისცა ჩვენს პოლიტიკურ ემიგრაციას, ბოლშევიკების მიერ დევნილ მთავრობასა და ადამიანებს და პოლონეთის, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის, არამედ ევროპის ტერიტორიაზე, კონკრეტულად, ქართული იდეის შენარჩუნების საქმეში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა წიგნის პრეზენტაციაზე.
აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტისას ჩაეყარა, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ლევილს სტუმრობდა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის – “ლევილის ბიბლიოთეკის” სარეაბილიტაციო სამუშაოების დასათვალიერებლად.
დაწერეთ შეტყობინება…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები