გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფო ზრუნავს იმისთვის, რომ ქართულმა დიასპორამ შეინარჩუნოს მშობლიური ენა და ეროვნული თვითმყოფადობა

“გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ევროპული, დემოკრატიული ტრადიციების და ფასეულობების მნიშვნელობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ დღეს. განსაკუთრებით მივესალმები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან. ჩვენთვის უდიდესი პატივია და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ გუშინ ერთად ვიდღესასწაულეთ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღი – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. მინდა, გავიხსენო ერთი ძალიან საინტერესო განცხადება: როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას მიაღწია და ჩვენ პირველად უვიზოდ გავემგზავრეთ ჯერ ევროპის კულტურულ დედაქალაქ ათენში, ხოლო შემდეგ პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში, ქართველ სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან ერთად, იმ საღამოს მიღება გვქონდა ბრიუსელში, ჩვენს საელჩოში. ამ მიღებაზე, ევროკომისარმა ევროპის საშინაო მიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხებში – დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა: „რომ არ ყოფილიყო საბჭოთა ოკუპაცია, საქართველო აუცილებლად იქნებოდა ევროკავშირის დამფუძნებელ მამათა შორის”. ეს განცხადება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ევროპული, დემოკრატიული ტრადიციების და ფასეულობების მნიშვნელობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ამაზე უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ იმ სამი წლის განმავლობაში გაკეთებულ ტიტანურ საქმეზე, ვიდრე ჩვენ ამას აქამდე ვაკეთებდით. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გნებავთ, ეს ჩემი მხრიდანაც იმის აღიარებაა, რომ უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან სამწლიან მონაკვეთს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი და მინდა, საქართველოს ვუსურვო, ის მართლაც გამხდარიყოს ევროპის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, როგორც ამას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები ოცნებობდნენ 1918 წლის 26 მაისს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს პრემიერ – მინისტრის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში იზრდება დიასპორების როლი საკუთარი ქვეყნების განვითარების საქმეში. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველანაირად ცდილობს, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოს საქართველოდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით წასულ, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ხელს უწყობს მათ, აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებში. „ამის ნათელი დადასტურება გახლავთ საქართველოს კონსტიტუციაში სრულიად განსაკუთრებული ჩანაწერის გაჩენა და დიასპორის თემის წამოწევა, უკვე უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე. 2018 წელს, პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აქვს თავისი თანამემამულეების მიმართ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფო ზრუნავს იმისთვის, რომ ქართულმა დიასპორამ შეინარჩუნოს მშობლიური ენა და ეროვნული თვითმყოფადობა. „მინდა გითხრათ, რომ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს მრავალრიცხოვან დიასპორულ ორგანიზაციებთან. სახელმწიფო ზრუნავს იმისთვის, რომ ქართულმა დიასპორამ შეინარჩუნოს მშობლიური ენა და ეროვნული თვითმყოფადობა. ამავე დროს, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი გახლავთ, საქართველო იქცეს ისეთ ქვეყნად, სადაც თითოეულ თქვენგანს, ჩვენს ყველა თანამემამულეს, შეეძლება საკუთარი ნიჭის, ცოდნის რეალიზება. მინდა იცოდეთ, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა თითოეული თქვენგანისთვის. დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე პროგრამა ხორციელდება, რომლებიც წარმატებით მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა გახლავთ „მომავლის ბანაკი“, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირის განმტკიცებას და ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 16 ქვეყანაში ხორციელდება ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, რომელშიც ჩართული არიან საზღვარგარეთ მცხოვრები საზოგადოებრივად აქტიური ქართველი ახალგაზრდები. „ეს არის სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება და ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას უცხოეთში. მიგვაჩნია, რომ მშობლიური ენის შენარჩუნებასა და შესწავლას უდიდესი დატვირთვა აქვს დიასპორებისთვის და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ ამ საქმეში. რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, თურქეთსა და საბერძნეთში, საჯარო სკოლებში უკვე ისწავლება ქართული ენა და შედგენილია სათანადო სახელმძღვანელოები. ასევე, საკვირაო სკოლებისთვის პირველად შემუშავდა ერთიანი სასწავლო პროგრამა და მზადდება ინტეგრირებული სახელმძღვანელოები“,- აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, წელს განხორციელდება დიასპორის საკითხებზე სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიზანია დიასპორასთან დაკავშირებული კვალიფიციური ინფორმაციის რაოდენობის გაზრდა და არსებულ პრობლემათა გადაჭრის ინოვაციური მიდგომების დანერგვა. „ასევე, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო ასამაღლებლად, მუშავდება დიასპორული ორგანიზაციების მართვის სპეციალური პროგრამა. ეს და კიდევ სხვა მრავალი პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან ბევრ საინტერესო ნაბიჯს დგამს, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ქართული დიასპორების გაძლიერებას, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველი თქვენგანის – დიასპორის თითოეული წარმომადგენლის წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატება გახლავთ. ჩვენი დღევანდელი შეკრება კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ერთად ვიმსჯელოთ ჩვენი დიასპორის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ერთად დავსახოთ მათი გადაჭრის გზები. მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, საქართველოს მხარდაჭერას მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობა, რომელიც სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ჩამოყალიბდა, ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ჩვენს სამშობლოს – საქართველოს და რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს, რადგან თითოეული წარმატებული ქართველი საქართველოსთვის ნამდვილად არის სიამაყე. კიდევ ერთხელ გილოცავთ 100 წლის იუბილეს ძალიან დიდ დღესასწაულს და გისურვებთ წარმატებას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, იმართება ქართული დიასპორის ფორუმი – “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები