ზესტაფონში დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს

ზესტაფონში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული 25 მაისიდან დაიწყო. “ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, გუშინ, უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმის –,,ხიბულა“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დღეს, დილიდანვე, ქალაქი საზეიმო ღონისძიებებმა მოიცვა. ახლადგახსნილ სკვერში ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეების ერთობლივი კონცერტი ჩატარდა. 26 მაისი მიულოცეს შეკრებილ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ, შემდეგ კი სახელოვნებო სკოლების წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
ზეიმი შორაპნის ისტორიულ ციხე–ქალაქში გაგრძელდა, სადაც ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმიდან მე–11 საუკუნის მაცხოვრის ჯვარცმა–ამაღლების ხატი ჩამოაბრძანეს. ხატი მე–17 საუკუნეშია აღდგენილი და 1926 წლიდან ქუთაისის ისტორიის მუზეუმში ინახება. იგი „შორაპნის ხატის“ სახელითაა ცნობილი და დღის ბოლოს ისევ მუზეუმს დაუბრუნდება. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა პარაკლისი გადაიხადა, შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და დალოცა. ქართული სიმღერებისა და ცეკვის ფონზე, შორაპნის ციხეზე ეროვნული დროშა ზესტაფონის მერმა აღმართა.
იქვე, „ჯორიან მანგანეზსა“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შორის საზეიმო მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც კომპანიას ისტორიული ძეგლის მზრუნველობასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელშეწყობას ავალდებულებს.
„ზესტაფონიდან ვულოცავ მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულიერი და ეროვნული საგანძური, მაცხოვრის ხატი, სწორედ ამ დღეს ჩამობრძანდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, კახაბერ მახათაძემ.
საზეიმო ღონისძიებებმა კულტურისა და დასვენების პარკში გადაინაცვლა, სადაც ნორჩ ფალავანთა შეჯიბრი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. შემდეგ ისევ კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლების უფროსი თაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასევე, მაყურებელთა წინაშე განახლებული პროგრამით წარდგა ჯგუფი „სტიქია“.
კონცერტები გვიან ღამემდე, ხოლო დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები